პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა 23 695 ტესტი. დღეის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 3415 ადამიანი. გამოჯანმრთელდა – 3 359 ადამიანი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 56 ადამიანი იმყოფება, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. თამაზ ბესტაევმა ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
"ცხინვალის რეგიონში სიკვდილიანობა დაფიქსირებულია 2020 წლის ოქტომბრიდან: გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. მიზეზი არის ასაკი და ვირუსის ფონზე განვითარებული პათოლოგიები. კოვიდის ხელახალი ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წლის 7 ივნისს. ამის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რაც შეეხება COVID-19 გადატანილ პაციენტთა პროცენტს, უნდა აღინიშნოს, რომ სიების მიხედვით, 54 000 ადამიანი ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონში, აქედან 33 000 ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე – დანარჩენი მუშაობს ან სწავლობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,"-აღნიშნა ბესტაევმა.
ბოლო მონაცემებით, მუდმივი მაცხოვრებლების 10% კოვიდგადატანილია. ბევრი სახლში მკურნალობდა სტაციონარის მიმართვის გარეშე. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა და მეტმაც ამგვარად იმკურნალა. ამას მოწმობს შემდეგი სტატისტიკა: 587 ადამიანიდან, რომლებიც ვაქცინაციაზე მივიდნენ და ტესტი გაიკეთეს, 74% -ს ანტისხეულები აღმოაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო მუშაკებისა და ექიმების 80% -მა გადაიტანა კორონავირუსი.
ინფორმაციისთვის, მესამე ტალღას ოკუპირებულ რეგიონში სექტემბრისთვის ვარაუდობენ.