Back to Top
ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 19:54

სად ვიპოვით სიმშვიდეს ჩვენს ქალაქში? - ხატია მუმლაძის ბლოგი

Written by
Rate this item
(0 votes)

 

ჩემს ქალაქში იშვიათი ადგილები ბევრია. ჩემთვის იშვიათი, თორემ სხვებისთვის ეს ადგილები ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული, ქალაქის ყოველდღიურობაში ჩაკარგული და ზოგჯერ შეუმჩნეველიც... ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მარტოობის ჟამს, "სევდიანი ფიქრების გასაქარვებლად", ამ ადგილებს ვსტუმრობ.

 

 

ასეთ დროს მთელი ქალაქის გავლა შემიძლია, ამ ადგილებში თითქოს დრო ჩერდება. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვევი ხოლმე, როცა ქალაქის ცენტრში აღმოვჩნდები, ხმაურით, მანქანების გამონაბოლქვითა და ცელოფნის პარკებით სავსე ქუჩებში. თუმცა, შედარებით მყუდრო ადგილის პოვნა აქაც შეიძლება. ცენტრალური პარკი, (მე ასე მოვიხსენიებ, ევროპულად ) თორემ სინამდვილეში ძალიან გრძელი და მოსაწყენი სახელი აქვს. ეს სიმყუდროვე აქ დროებითია, ზაფხულში დიდიანპატარიანად ყველა აქაა/იყო. (ოხ, ეს პანდემია).

 

 

 

ადრე ამ პარკში წითელი ქვიშა ეყარა, შეხვიდოდი და უკან ფერადი ფეხსაცმლით გამოხვიდოდი. მერე ასფალტი დააგეს. ჰო, ძველი ატრაქციონებიც გამოცვალეს. გარდა ამისა, პარკის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, იმედი მაქვს, ჩემს დაბერებამდე მოესწრება.

 

 

 

 

 

 

ახალბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

 

"ახალბაღში" ახალი ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო

 

ამ პარკში შეხვდებით სკამებზე ჩამომსხდარ წყვილებს, ვარჯიშის მოყვარულ ახალგაზრდებს, ბავშვის გასასეირნებლად გამოსულ დედიკოებსა და მამიკოებს, ნარდის/დომინოს სათამაშოდ მოსულ ბაბუებს, ნაყინის საჭმელად შემოსულ სკოლის მოსწავლეებს, ოთხფეხა მეგობრების "ხუშტურებზე" მორბენალ პატრონებს, ფოტოების გადაღების მოყვარულ გოგოებს, ან უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით შემოხეტებულებს.

 

 

და კიდევ, კინაღამ დამავიწყდა პარკის "მასპინძლები" ან თუნდაც "მცველები", ჭკვიანი და მეგობრული ცუგები, რომლებსაც პარკის ადმინისტრაცია უვლის.

 

 

 

 

თუ ფეხბურთის მოყვარული ხარ, ამაზე სწორ ადგილას ვერ მოხვდები, პარკის ერთ მხარეს ცენტრალური სტადიონია, მეორე მხარეს კი სავარჯიშო მოედნები, სადაც ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობენ. მოკლედ, აქ ყველაფერია, იმისთვის რომ თავი მარტოდ არ იგრძნო.

 

 

 

წარმოიდგინეთ, ამ პარკს თავისი ზოოპარკი ჰქონდა(ზოოპარკი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია). გორელი კავკასიური მურა დათვის შესახებაც ყველას სმენია. დათუნია დრუნჩა "ასანთის კოლოფის ხელა" ვოლიერში იყო გამოკეტილი. საბედნიეროდ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად, დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

 

 

მურა დათვი „ახალბაღის“ ზოოპარკიდან თბილისში გადაიყვანეს

 

 

თუკი შემაწუხებელი მელანქოლია შემოგაწვებათ, პარკის ბოლოში ძველი კოლონადის ნანგრევებისკენ უნდა გაეშუროთ. სანამ მის იერსახეს გააცოცხლებენ, შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

 

 

თუ შენი ქალაქი გიყვარს, შენ წილ კუთხეს ყველგან იპოვი. ორი ნაბიჯის გადადგმაც საკმარისია, რომ მთელი ქალაქი მოიარო, გაიცნო, შეიყვარო და დაუმეგობრდე.

Read 403 times Last modified on ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 21:50