Back to Top
ორშაბათი, 24 მაისი 2021 11:51

სტუდენტობა და ევროპაში სწავლის ხიბლი - ლიკა ვანიშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლიკა ვანიშვილი

 

არაერთი ერასმუსელისგან მომისმენია, რომ საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით სწავლა სტუდენტობის საუკეთესო გამოცდილებასა და დაუვიწყარ პერიოდთან ასოცირდება. მეც, შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების მომენტიდან ერთ-ერთ მიზნად მქონდა ქცეული საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება. შემოთავაზებული ქვეყნებიდან პრიორიტეტად გერმანია ავირჩიე და 2020 წლის ნოემბრიდან, კიდევ ერთ ქართველ სტუდენტთან ერთად, მოუთმენლად ველოდებოდი ტუბინგენის უნივერსიტეტიდან დასტურის მიღებას. ამ მომენტისათვის საკმაოდ ცვალებადი შეგრძნებები მქონდა: სიხარული, აღფრთოვანება, განსაკურებულის მოლოდინი, შიში, დაბნეულობა...


გააზრებული მქონდა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში ვცხოვრობდით და გერმანიაშიც მსგავსი მდგომარეობა დამხვდებოდა: ონლაინ სწავლების რეჟიმი, დაკეტილი ქალაქები და დისტანციური ურთიერთობები. შესაბამისად, წინასწარ გულდაწყვეტით ვფიქრობდი, რომ ერასმუსის სტუდენტური ცხოვრების სრულად შეგრძნების შესაძლებლობა არ მექნებოდა. თუმცა, ვინაიდან ერთი სემესტრით ადრე უარი ვთქვი იგივე პროგრამაში მონაწილეობაზე სწორედ ვირუსის გამო, აღარ მინდოდა მეორე შანსის ხელიდან გაშვება.


ყველაფერი ერთმანეთში არეული სხვადასხვა მძაფრი ემოციით, სიხარულით და დაბნეულობით დაიწყო, რაც ახლა უკვე სახალისო თავგადასავლებთან ასოცირდება. მაგალითად, პირველივე დღეს ქალაქში დაკარგვა, დიდი და მძიმე ჩემოდნებით ხელში, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსის გაჩერება აგვერია. ან თუნდაც ჩვენი, ორი დასტრესილი ახალგაზრდის, რეაქცია როდესაც აეროპორტიდან გამოსვლისას შევამჩნიეთ, რომ ხალხი გარეთ პირბადის გარეშე დადის, მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ქუჩაში პირბადით სიარული ჩვევად გვქონდა ქცეული.


ამ ყველაფერს ტუბინგენში ჩამოსვლიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ვწერ და შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შთაბეჭდილებებით ვარ დატვირთული, არც იმდენად ერთფეროვანია აქაური ცხოვრება, როგორც წარმოვიდგენდი. მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობ ონლიან, ვფიქრობ, რომ ლექციები კარგად ორგანიზებული, პროდუქტიული და განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან უამრავი კურსიდან შესაძლებლობა მქონდა ამერჩია ჩემთვის საინტერესო ლიტერატურული და ლინგვისტური საგნები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განვითარებს უწყობს ხელს, არამედ განსაკუთრებულ სიამოვნებასაც მანიჭებს, მაგალითად შექსპირი და მისი პიესები, პოეზია და პოლიტიკა, ამერიკის კოლუმბამდელი ცივილიზაცია და ა.შ.


ჩამოსვლისას ძალიან მაშინებდა კარანტინის პერიოდი, რადგან ოთახიდან გამოსვლის შესაძლებლობა არ მექნებოდა და აუცილებლად მჭირდებოდა ვინმე, ვინც გარედან დამეხმარებოდა. გამიმართლა, რომ ჩემთან ერთად მცხოვრები სტუდენტები ძალიან ყურადღებიანები აღმოჩნდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ კარანტინის დღეები მაქსიმალურად კომფორტულად გამეტარებინა.


ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ცხოვრება საინტერესოა, სწორედ ჩემი საცხოვრებელი ადგილია. ვცხოვრობ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, სადაც კიდევ ათობით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჯგუფელების გაცნობის და სოციალიზაციის შესაძლებლობა არ მაქვს, შემიძლია სახლში გავიცნო და შევხვდე უამრავ ადამიანს, ერთად დავგეგმოთ სასიამოვნო საღამოები და ერთგვარად აღვიდგინოთ ვირუსის გამო დაკარგული შესაძლებლობები. ხშირად გვაქვს საღამოები, სადაც ერთად ვიკრიბებით და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს ვამზადებთ. რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რომ აქაურ სტუდენტებს სმენიათ ქართული სამზარეულოს შესახებ და განსაკუთრებულად ელოდებოდნენ როდის მოვამზადებდით მე და მარიამი, მეორე ქართველი სტუდენტი, ერთად ქართულ კერძებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც ძალიან გვენატრებოდა ქართული კერძები და აქ მცხოვრები სტუდენტებიც დაჟინებით გვთხოვდნენ, ჩამოსვლიდან მალევე მოვაწყეთ ქართული სამზარეულოს საღამო და როგორც აღმოჩნდა, მათ მოლოდინებს გადავაჭარბეთ კიდეც. გვაქვს ხოლმე ფილმების, სხვადასხვა თამაშების საღამოები და საინტერესო შეხვედრები ჩვენს ძალიან ლამაზ, ფერად და მყუდრო ბაღში. აქ ყოფნა დაკავშირებულია ძალიან საინტერესო კულტურულ აღმოჩენებთან, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების მსგავსება-განსხვავებების შედარებებთან.


სამწუხაროდ მოგზაურობის შესაძლებლობებიც გარკვეულწილად შეზღუდულია. თუმცა, გამიმართლა რომ ტუბინგენი ულამაზესი ქალაქია, ვიწრო, ძველი, ისტორიული მნიშვნელობის ქუჩებით და ღირსშესანიშნაობებით, ფერად-ფერადი შენობებით და ნეკარის მდინარის სანაპიროებზე გაწყობილი პარკებით. შესაბამისად, შემიძლია ამ პატარა ქალაქშიც ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ გავაკეთო.


ახალ გარემოსთან ადაპტირების პროცესში არაერთხელ მქონდა ის გრძნობა, რასაც „კულტურულ შოკს“ ვეძახით, რაც ჩემთვის ზოგჯერ ძალიან დამაბნეველ და უცნაურ, ზოგჯერ კი სახალისო და დაუვიწყარ მომენტებთან ასოცირდება.


თანდათანობით ეპიდ-სიტუაცია უმჯობესდება და რეგულაციებიც მცირდება. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში ვარ.

Read 943 times