Back to Top
ოთხშაბათი, 26 მაისი 2021 12:16

განათლება და კულტურა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში - გორელი მოსწავლის ესსე 

Written by
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მე-11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დავით ბოლოთაშვილის ესსე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალშია. მისი მასწავლებლის, ლიკა მელთაურის თქმით, ჟიურმა ორიგინალურ თემად აღიარა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

 

 

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ დავით ბოლოთაშვილის ნამუშევარს

 


საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, 1919-1920 წლებში, კულტურას და განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა. წაკითხული სტატიებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ საქართველოს პირველ რესპუბლიკაში პრესა იყო თავისუფალი, ინფორმაცია ადვილად ვრცელდებოდა და  მისაწვდომი იყო ყველასთვის. 

 

ამის შესახებ ცნობები არაერთ წყაროში გვხვდება, მაგალითად, იმ დროის საგაზეთო სტატიებში ვკითხულობთ:

 

 

 

„რესპუბლიკის მთავრობა კულტურულ დაწესებულებებსა და ღონისძიებებს დააფინანსებს“;

 

„დამფუძნებელი კრება ძეგლთა დაცვის კანონმდებლობის შემუშავებას იწყებს“;

 

„დემოკრატიული რესპუბლიკა 50 ახალგაზრდას აფინანსებს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად“;

 

„სამუსულმანო საქართველოს, აფხაზეთისა და სვანეთის მოსწავლეებს სტიპენდიები დაენიშნათ“;

 

თფილისში საბავშვო ბაღი, კლუბი და ბიბლიოთეკა იხსნება“;

 

„მთავრობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო“;

 

„ცენტრალური სამეცნიერო არქივი დაარსდა“;

 

„დამფუძნებელმა კრებამ რესპუბლიკიდან საისტორიო და ძვირფასი ნივთების გატანა აკრძალა“;

 

„განათლების სამინისტრომ სახალხო უნივერსიტეტის რეფორმირება დაიწყო“;

 

„სახალხო განათლების სამინისტრო სასკოლო რეფორმის მეორე ტალღას იწყებს“ და სხვა.

 

 


საინტერესო ფაქტებს ვკითხულობთ - 1919 წელის 10-17 ოქტომბერს მთავრობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოყოფილიყო 5 600 000 მანეთი, საქართველოს მუზეუმის შესაკეთებლად. ასევე, განათლების მინისტრის განკარგულებით გადაიდო 26 800 მანეთი 10 მილიონიანი ფონდიდან ეროვნულ გალერეათა გადასაკეთებლად.

 


1919 წლის 1 ნოემბერს მაშინდელი სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით შედგა უწყებათაშორისი კომისიის კრება. კრების მიზანი იყო გაეგზავნათ სტუდენტები საზღვარგარეთ სპეციალური განათლების მისაღებად.

 


1919 წლის 13 დეკემბერს განათლების მინისტრმა  გამოყო თანხა - 200 000 მანეთი სამუსლიმანო საქართველოს, აფხაზეთის და სხვა განაპირა კუთხეების მოსწავლეებისთვის სტიპენდიების დასანიშნად.

 


1919 წლის იანვრის შუა რიცხვებში „დედათა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებამ“ წამოიწყო დიდად მნიშვნელოვანი საქმე. ისინი ქმნიან „ბავშვთა სახლს“ რომელიც შეიცავს საბავშვო ბაღს, საბავშვო კლუბს და საბავშვო წიგნსაცავ-სამკითხველოს.

 


1919 წლის იანვრის ბოლოს ნოე ცინცაძემ გასცა განკარგულება, 1911 წელს დაარსებული კავკასიის მუზეუმის სააღმშენებლო კომისიისა და მისი ინსტრუქციების გაუქმების. იმავე ნოე ცინცაძის ბრძანებით დაარსდა საქართველოს მუზეუმის შენობის დამამთავრებელი კომისია. 

 


1920 წელს მარტში გაიცა ბრძანება, რომ შექმნილიყო საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

 


1920 წლის ივნისში აიკრძალა ყოველგვარი  კულტურული ძეგლის თუ ნივთების ქვეყნიდან გატანა განათლების მინისტრის ნებადაურთველად.

 


1918 წლის 8 თებერვალს მოხდა საქართველოსთვის და მთელი კავკასიისთვის გადამწყვეტი მოვლენა - ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა პირველი უნვერსიტეტი თბილისში (თსუ). ამან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში მრავალი განხრით.

 


1920 წლის ივნისის შუა რიცხვებში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით დაიწყო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომები, სხდომების მიზანი იყო ზომების მიღება რომლებიც გააუმჯობესებდა სახალხო უნივერსიტეტის საქმეებს. შეცვალეს სასწავლო სისტემა, გადაწყვიტეს უნივერსიტეტის ცენტრალური განყოფილების დაარსება, რომელშიც შეისწავლიდნენ სპეციალურ საგნებს, მოიწვევდნენ მეცნიერებს. ლექციებზე დასაწრება გახდა სავალდებულო.

 


1920 წლის ივნისის ბოლოს, შეიქმნა რესპუბლიკის სკოლების 4 თავიანი ანგარიში. კომისიამ შეიმუშავა სკოლების ძირითადი დებულებები. განათლება ყველასთვის სავალდებულო და უფასო გახდა. 

 


საინტერესოა, რომ სკოლებს თანაბარი ყურადღება უნდა  მიექციათ როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანური აღზრდისთვის.

 


1919-1920 წლებში, მხოლოდ საგაზეთო სტატიებში დაგროვილი მასალებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განათლების საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ასეთ მოკლე დროში ბევრის გაკეთებაც მოასწრეს.

 


ჯერ კიდევ 1910 წლიდან,  თბილისში, არაერთი ხელოვანთა წრეა შექმნილი. ისინი დიდ როლს თამაშობდნენ მაშინდელი თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, ეს წრეები ქმნიდნენ მაშინდელ კულტურულ ცხოვრებას.

 


ტფილისში პირველი კაფე-კლუბები იხსნება 1917 წელს. 1918 წელს იქმნება ერთ-ერთი პოპულარული ბოჰემური სტუდია - „არგონავტების ნავი“.

 

ის იყო აკმეისტების თავშეყრის ადგილი. აკმეისტები იყვნენ პოეტთა თბილისური გილდიის წევრები. კაფის მოხატვაში მონაწილეობა სხვებთან ერთად მიუღია ლადო გუდიაშვილს.

 


ასევე ტფილისში მოქმედებდა კაფე „ფარშევანგის კუდი“. ეს კაფე იყო აკმეისტების, სიმბოლისტების და ფუტურისტების თავშეყრის ადგილი. 
ამ პერიოდის თბილისი იყო კულტურულად აყვავებული ადგილი. ამას აღნიშნავს ბორის კერდიმანი. ის ამბობს:

 

 

„ეს იყო ის თბილისი, რომელიც ილია ერენბურგმა ნახა 1920 წელს თავისი მოკლე სტუმრობის დროს. ეს იყო ის თბილისი რომელსაც ასე ხშირად იგონებდა ოსიპ მანდელშტამი თოვლით დაფარულ ვორონჟში გადასახლების დროს“. 

 


გრიგოლ რობაქიძე ასე აღწერს მაშინდელ ტფილისს:

 

„ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აფარებდნენ ტფილისს.“

 


ამ დროს დაარსდა „პოეტთა ტფილისის კავშირი“ სერგეი გოროდეცკის მიერ. იური დეგენმა შექმნა ასოაციაცია „აბჯარი“, ტატიანა ვეჩორკამ შექმნა „ალფა-ლირა“, ს.გორდეცკიმ დააარსა ჟურნალი „ARS“, ი. დეგენმა - ჟურნალი „ფენიქსი“, რაფაელოვიჩმა - „ორიონი“ და ბორის კორეევმა - „ქერილონი“.

 


შეიძლება ითქვას,  ეს პერიოდი საქართველოსთვის არ იყო ცუდი. მართალია, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ორ წელზე მეტიც კი ვერ გაძლო, მაგრამ ქართველი ხალხი სულიერად გაძლიერდა - დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, აყვავდა ქართული თეატრი, რომელმაც ერთი-ორად გააუმჯობესა ქართული კულტურა, იქმნებოდა უამრავი კლუბები და წრეები, ასპარეზზე გამოვიდა უამრავი  ხელოვანი და მწერალი, რომლებმაც შექმნეს და შეცვალეს საქართველოს ისტორია.

Read 627 times Last modified on ოთხშაბათი, 26 მაისი 2021 13:24