Back to Top
ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021 16:32

თამოს აქსესუარები - პანდემიის პერიოდში დაწყებული ხელსაქმე

Written by
Rate this item
(0 votes)

თამუნა ჯამელაშვილმა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება ერთი წლის წინ დაიწყო. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში აკეთებდა საახალწლო სათამაშოებს და სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდა.

 

 

ახალი წლის გასვლის შემდეგ მის პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო, ამიტომ გადაწყვიტა საყურეების დამზადება.

 

 

"საახალწლო სამზადისი გვქონდა, პანდემიის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო, ჩვენს ნაძვის ხეს გადახალისება სჭირდებოდა და ამიტომ სახლში ჩემი დიზაინით გავაკეთე რამდენიმე ნაძვის ხის სათამაშო. ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მეგობრებსაც დავუმზადე. ამ პროცესში დაიბადა იდეა, რომ ონლაინ გვერდი გამეკეთებინა, სადაც შეძლებდა მომხმარებელი პანდემიის პირობებში შეეძინა განსხვავებული საახალწლო აქსესუარები. ახალი წლის გასვლასთან ერთად ლოგიკურია მოთხოვნაც შემცირდა. აზარტში შესულმა გადავწყვიტე ისეთი პროდუქტი შემექმნა რომელიც სეზონის მიუხედავად მუდმივად მოთხოვნადი იქნებოდა. ასე მოვიდა იდეა ხელნაკეთი საყურეების დამზადების", - ამბობს თამუნა ჯამელაშვილი.

 

 

თამუნა ამბობს, რომ აქსესუარების დამზადება დიდ დროს მოითხოვს, რომელსაც ძირითადად საღამოს საათებს უთმობს.

 

 

"ერთი წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, სახლში მაქვს გამოყოფილი სამუშაოდ ერთი ოთახი. თუ საქმემ გაფართოება მოითხოვა რა თქმა უნდა სახელოსნოსაც გავხსნა ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის თავისუფალი დროის გამონახვაა. გამომდინარე იქიდან რომ 2 მცირეწლოვანი შვილი მყავს რთულია დღის განმავლობაში კონცენტრირებულად დაჯდომა და მუშაობა, ამიტომ ძირითადად მიწევს საღამოს ან ღამით მუშაობა, საშუალოდ 4-5 საათი, თუმცა რა თქმა უნდა გააჩნია შეკვეთების ინტენსივობას და სირთულეს ყოფილა დღეები რომ 8-9 საათიც მიმუშავია" , - გვიყვება თამუნა

 

 

 

თამუნამ პირველი ნივთი მეგობარს დაუმზადა.

 

 

"სულ პირველი ნივთი, რომელიც გავაკეთე იყო "აბადოკი" თვლებით. ჩემი მეგობარი მეჯვარე იყო, ინტერნეტში ჰქონდა "აბადოკი" შერჩეული თუმცა ვერ ნახა მსგავსი, ამიტომ ვცადე დამზადება და გამომივიდა. სულ პირველი ნივთი ეს იყო. მთავარია მსგავსი საქმიანობისთვის ინტერესი და სიყვარული. იმდენად შრომატევადია, რომ თუ სიყვარული არ გაქვს ამ საქმის შეუძლებელია საათობით იჯდე ერთი საყურის შესაქმნელად. გარდა ამისა რა თქმა უნდა ფინანსებია საჭირო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებისათვის".

 

 

29 წლის თამუნა ჯამელაშვილი პროფესიით ექთანია, გარკვეული პერიოდი მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში პროფესიით. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ამბობს, რომ მუშაობას თავი შვილების გამო დაანება და მთლიანად მათ აღზრდაზე გადაერთო, აქსესუარების დამზადებით კი ცდილობს საკუთარი შემოსავლის გაჩენას.

Read 561 times Last modified on ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021 16:41