მოსწავლე ხშირად უშვებს შეცდომებს. გამოუცდელობა და ცნობისმოყვარეობა ზოგჯერ აცდენს მას სწორი გზიდან. ვინ უნდა აღმოუჩინოს მას ამ დროს დახმარება? გამოცდილმა და ცხოვრების მცოდნე მეგობრებმა. ასეთები კი მასწავლებელი და მშობელია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში გულისხმობს არა მხოლოდ მოსწავლის აკადემიური მოსწრებით დაინტერესებას, არამედ ინფორმაციის მიღებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა, მათი სისუსტეების აღმოფხვრა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მოზარდთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვა.
მშობელთა ჩართულობის ნაკლებობა იწვევს მოზარდთა გათამამებას. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ ერიდება ისეთი დანაშაულის ჩადენას, როგორიცაა: გაკვეთილზე დაგვიანება, გაპარვა, სასკოლო ნივთების დაზიანება, სიგარეტის მოწევა და სხვა. ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მშობლები ამას ვერ გაიგებენ და მათი მხრიდან შესაფერის რეაგირებასაც არ ელოდებიან.
ჩემი გამოცდილების მოკლე პერიოდიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც სისტემატიურად ინტერესდებიან ბავშვის სასკოლო ცხოვრებით, ნაკლებად აგრესიულნი და კონფლიქტურნი არიან.
მშობელთა უმეტესობა ესაუბრება დამრიგებელს მოსწავლის ყოფაქცევასა და სწავლის დონეზე. თუმცა ცხადია, რომ მიღებული ინფორმაცია ამომწურავი არ არის. იმისათვის, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მაქსიმალური იყოს, საჭიროა მათი მოთხოვნით სკოლებმა გაატარონ შესაბამისი რეფორმა, კერძოდ - მშობელთა კლუბის შექმნა სკოლებში.
მსოფლიო მასშტაბით არაერთ წარმატებულ სკოლაშია შექმნილი მშობელთა კლუბი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. მათი დახმარებით მოზარდთათვის სწავლა მეტად სახალისო და შედეგიანია.
ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სასწავლო პროცესის დაგეგმვა, გაუმჯობესებასა და წარმატებით წარმართვაში.
ვიაზრებ ჩემი, როგორც მასწავლებლის მოვალებასა და სურვილს და ვაპირებ სისტემატიურად ვითანამშრომლო მშობლებთან.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.